საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა საცდელი ნაკვეთი დაათვალიერა და აგროტურში მონაწილე ფერმერებთან ერთად გაეცნო მიმდინარე ტექნოლოგიურ და სამუშაო პროცესებს.
ტურის დასრულების შემდეგ, ფერმერებსა და ადგილობრივებს სააკაშვილმა აგარის ტექნიკური მომსახურების ცენტრის დათვალიერება შესთავაზა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი სერვისცენტრში ავტობუსით მათთან ერთად გაემგზავრა. მომსახურების ცენტრის დათვალიერებას ქვეყნის პირველი პირი გზად შემხვედრ ადგილობრივ მოსახლეობასაც სთავაზობდა.
ავტობუსით მგზავრობისას სააკაშვილი ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესდა და აღნიშნული პრობლემების მოგვარება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს დაავალა.
პრეზიდენტი დაინტერესდა იმით, თუ რამდენად აღწვს ხალხამდე სოფლის მეურნეობაში გატარებული სიახლეები.
"ეს საჩვენებელია თუ ხალხამდე მივა? საჩვენებელი და ცირკი არაფერში გვჭირდება, ყველაფერი უნდა მივიდეს ხალხამდე. ტელევიზორში საჩვენებლად თუ ვაკეთებთ, დავიხუროთ ქუდი და სახლში წავიდეთ. თუ ეს უახლოეს კვირებში მივა ადამიანებამდე, ამას აზრი აქვს ", - განაცხადა სააკაშვილმა.