ქობულეთში სამების, სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასასრულსუხლოვდება. პროექტის თანახმად 3 კმ და 600 მეტრი სიგრძის მონაკვეთის ასფალტის საფარი უნდა დაიგოს. სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია, დარჩენილი ნაწილის მოასფალტება 20 ივნისისთვის დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან, ვარშალომიძე გაეცნო.
გარდა ასფალტ-ბეტონის საფარისა, გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდა ერთი ხიდი, ორი ბეტონის არხი და ორი დამცავი კედელი. პროექტის ღირებულება 613000 ლარია.
„სოფლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალთან და გაზთან ერთად გზაა. 2004 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში 3 ათას კილომეტრზე დაიგო ასფალტისა და ბეტონის საფარი. სამების ეს მონაკვეთი ათეული წლებია სავალალო მდგომარეობაში იყო. პროგრამა, რომელიც სოფლების გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს, მომავალ წლებშიც გაგრძელდება," - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ამ ეტაპზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას ქობულეთსა და ხელვაჩაურში ერთდროულად განახორციელებს.