დღეს, 26 იანვარს, ბათუმში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო იხსნება. ღოგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აგრობიზნესის განვითარების პროექტიდან აცნობეს, 12:00 სთ-ზე ხილისა და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო - "ციტრო" გაიხსნება, რომელმაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 100 000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო. ამ თანხით და შპს "ციტროს" თანადაფინანსებით (179,187 აშშ დოლარი) მოხდა საწარმოს თანამედროვე აპარატურით აღჭურვა. შეძენილი იქნა სატვირთო ავტომანქანა, ჩატარდა გარემოსდაცვითი და მარკეტინგული ღონისძიებები და ტრენინგი. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის, ოთხი სახეობის, ნატურალური ხილისგან დამზადებულ წვენს (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი) და ახდენს მათ რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
საწარმოში შეიქმნა 18 ახალი სამუშაო ადგილი, 350-მდე ადგილობრივმა ფერმერმა კი ჰპოვა დამატებითი სარგებელი საკუთარი პროდუქტის რეალიზაციით.
იმავდროულად, 14:00 სთ-ზე ციტრუსის დამფასოებელი საწარმო "აგროექსპორტი", გაიხსნება, რომელმაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 49 800 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და შპს "აგროექსპორტის" თანადაფინანსებით (116 120 აშშ დოლარი) მოხდა შენობის შესყიდვა და გარემონტება. აგრეთვე ციტრუსის დამხარისხებელ-დამკალიბრებელი ტექნოლოგიური ხაზის და სხვა თანამედროვე მოწყობილობების შეძენა. ჩატარდა გარემოსდაცვითი და მარკეტინგული ღონისძიებები და ტრენინგი. საწარმო ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდის სუბტროპიკული ხილის შემდეგ სახეობებს: კივი, ხურმა, მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი. ახდენს მათ დახარისხებას, დაფასოებას და რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ექსპორტზე. საწარმოში შეიქმნა 20-ამდე ახალი სამუშაო ადგილი, დაახლოებით 210-მა ადგილობრივმა ფერმერმა კი ჰპოვა დამატებითი სარგებელი საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით.
აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 271 პროექტი: პირველად წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 15.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3550-ამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.