ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„მათ სურთ, არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ მათ მოახერხეს თავის შეკავება. ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქართველებისთვის ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს, სხვანაირად განწირული არიან არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა აქვთ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.