საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით გაცემულ პასუხს ეთანხმება. როგორც ბაქრაძემ პრეზიდენტისთვის შესაძლო გაპრემიერების შესახებ გუშინ დასმული შეკითხვის უპასუხოდ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, მასაც იმავეს გამეორება შეუძლია, რაც სააკაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტისა და მმართველი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ამოცანაა ამ ქვეყანაში ქვეყნისა და ინსტიტუტების აშენება.
"ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, პიროვნულად ვინ სად ვიქნებით, მით უმეტეს, რამდენიმეწლიანი პერსპექტივის შექმდეგ. ეს არის საკითხი, რომელიც არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული ერთიანობა მთავარ საკითხზე, რომ ჩვენი ამოცანა ამ ქვეყნის აშენება და არა ამ ქვეყანაში საკუთარი კარიერის და მომავლის შენებაა. ვინ სად ვიქნებით 2-3 წლის შემდეგ - მე, პრეზიდენტი ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი, ეს ჩემთვის პირადად მეხუთეხარისხოვანია. მთავარია, გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ "როიტერის" ჟურნალისტმა პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილის შემდეგი შინაარსის შეკითხვა დაუსვა: "მინდა კატეგორიულად გამორიცხოთ იმის შესაძლებლობა, გახდებით თუ არა პრემიერ-მინისტრი, როცა საუბრობთ იმაზე, რომ პუტინი კვლავ გახდა პრეზიდენტი და ძალაუფლების გადანაცვლება მოხდა". პრეზიდენტმა კი პასუხად პარლამენტის ქუთაისში, სხვადასხვა უწყების რეგიონებში გადატანაზე, დეცენტრალიზაციისა და ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.