აშშ-ის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარების ფაქტს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე ბათუ ქუთელია ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ამერიკის მხრიდან კონკრეტული შემოთავაზებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში.
,,კონკრეტული შემოთავაზება არის ამერიკის მთავრობის მხრიდან, რომ ის ჩაერთოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მიცეთ ის საშუალებები რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეებიც სარგებლობენ", _ განაცხადა ბათუ ქუთელიამ ,,იმედის" ეთერში.
მისივე თქმით, ნეიტრალური სამგზავრო ბარათით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ ზუსტად იმ შეღავათებით რომლითაც სარგებლობენ საქართველოს სხვა მოქალაქეები.
,,ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტი მათ აძლევთ საშუალებას აშშ-ში თავისუფლად გადაადგილდნენ, მიუხედავად იმისა რა მიზანი ექნება მათ მოგზაურობას. ეს იქნება სწავლა-განათლება, სამედიცინო მომსახურება, უბრალოდ ტურიზმი. ისინი სარგებლობენ ზუსტად იმ შეღავათებით, რითაც ნებისმიერი საქართველო მოქალაქე. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან ძლიერი ბერკეტი და სიგნალი. პირველ რიგში აშშ უფრო აქტიურად ერთვება ამ პროცესში და მეორე კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოყვება კონკრეტული ადამიანებისათვის და აისახება მათ კეთილდღეობაზე და მათი შვილების მომავალზე", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება.
,,რაც მთავრია ეს იქნება მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, რომელიც უკვე განიხილავენ ასეთი დოკუმენტის აღიარებას. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული საერთაშორისო, ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტი და უახლოეს პერიოდში ევროკავშირშიც და ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებშიც იგივე სტატუსით ისარგებლებს", _ განაცხადა ბათუ ქუთელიამ.