დღეს დილიდან ენგურის ხიდი და გალის რაიონიდან ოთხივე გადმოსასვლელი მოსახლეობისთვის ჩაკეტილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
კილანავას განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ოკუპანტები საკონტროლო გამშვები პუნქტის მოდერნიზებას და აღჭურვას ასახელებენ.
კილანავას თქმით, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ "ენგურჰესის" თანამშრომლებს, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
თორნიკე კილანავას განცხადებით, ამ დროისათვის მიცვალებულის გადასვენების შესაძლებლობას არ აძლევენ ერთ-ერთ ქართულ ოჯახს და ისინი ოკუპანტებისაგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.
"დილიდან ჩაკეტილია ოთხივე გადმოსასვლელი. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება მხოლოდმხოლოდ "ენგურჰესის" თანამშრომლებს, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ. ერთ-ერთ ოჯახს არ ეძლევა მიცვალებულის გადასვენების საშუალება. ისინი ოკუპანტებისაგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თორნიკე კილანავამ.