ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". თუმცა ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას კანონის გადასახედად შესაბამისი მზაობა არ გააჩნია.
"ვფიქრობ, ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო ვალდებულებას, უფრო აქტიური ურთიერთობა იყოს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ და ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები გამარტივებული გზით ჩავიდნენ აშშ-ში. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს იმ კანონის გადახედვა, რომელსაც ჩვენ ვუწოდენთ კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", თუმცა ასეთი მზაობა ხელისუფლებას არ გააჩნია", _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები მცირდება.
"რაც უფრო დიდხანს დავრჩებით ჩიხში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ 21-ე საუკუნეში აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აშშ-ის მთავრობას რომ ეს თემა აწუხებს, ყველაზე უფრო ყურადსაღებია საქართველოს მოსახლეობისა და მისი ხელისუფლებისთვის, რადგან უკმაყოფილო ასეთი მიდგომის გამო აშშ-ის მიმართ მხოლოდ რუსეთია. სირცხვილია, თუ საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება ერთნაირად კმაყოფილი იქნებიან იმ ჩიხური სიტუაციით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით", _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ: ჰილარი კლინტონის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში გამარტივებული გზით აშშ-ში მოხვდნენ.
"დღეს ასევე განვიხილეთ ეს გზები, თუ საქართველოს როგორ შეუძლია ხელი გაუწოდოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. აქ შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტები. მალე მსოფლიოში ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტს ნებისმიერი რეზიდენტისთვის ამ რეგიონებში, რომლებსაც სურვილი ექნებათ ის გამოიყენონ აშშ-ში სასწავლებლად ან სამოგზაუროდ. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმ შერიგებისა, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრესკონფერენციაზე.