კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედროს შემდეგ აცხადებს, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რაზე გაამახვილა ყურადღება ჰილარი კლინტონმა.
მისივე თქმით, მან შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, „ყველა ის პრობლემა რაც ჩვენ გვაღელვებს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, მისთვის ცნობილია, რომ მედია არის მონოპოლიზებული ხელისუფლების მხრიდან , რომ სასამართლოში არის სერიოზული პრობლემები, მისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები და მან განაცხადა, რომ აშშ-ს სტრუქტურები ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობენ ამას და გააგრძელებენ ამაზე მუშაობას",_ აცხადებს უსუფაშვილი.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეიდან არჩევნებამდე, რომ მთავარ მოთამაშეს - ქართველ ხალხს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა და მან განსაზღვროს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლებიდან დაწყებული მიმდინარე მონიტორინგით დამთავრებული ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი და გაკეთებული",_ აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშმნავს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის თაობაზეც ისაუბრა და მისი მოქალაქეობის საკითხითაც დაინტერესდა.
„ჰილარი კლინტონი დაინტერესდა თუ რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, გადავეცით დოკუმენტები და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ მომავალ არჩევნებში აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ამითი მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ხელისუფლებას არ და ვერ ექნება აშშ-ს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა არც ოპოზიციას ექნება და ჩვენ არც ვითხოვდით ამას არასდროს ეს ექნება ქართველ ხალხს და ეს ჩვენთვის არის სრულიად მისაღები ფორმა", _ აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე საუბრის დროს სრული ერთსულოვნება იყო.
„ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ მთლიანობის საკითხში მათი პოლიტიკისა და პოზიციისათვის, მაგრამ ვთქვით ისიც, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა ნატოსთან.
შეხვედრა დაგეგმილზე მეტი გაგრძელდა. ჰილარი კლინტონი იყო ძალიან კარგად და ობიექტურად ინფორმირებული აქაური სიტუაციის შესახებ", _ აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით კლინტონის კომენტარი იყო ძალიან მრავლისმეტყველი იყო.
„მან თქვა, რომ როგორც მან იცის, მთელს მსოფლიოში არჩევნებში მონაწილეობა უკავშირდება პირის მოქალაქეობას, იმ სახელმწიფოს მოქალაქეობას რომელშიც ის არჩევნებში მონაწილეობს. ასე რომ მისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო სრულიდ მკაფიო და ცალსახად დაფიქსირებული. მან მაგალითებიც მოიყვანა, რომ მაგალითად სენატორი როდესაც პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა მაშინაც დადგა ეს საკითხი მართალია ის აშშ-ს მოქალაქე იყო, მაგრამ ის დაბადებულია პანამაში და საკითხი დადებითად გადაწყდა, ვინაიდან პანამაში შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა დაბადებული და მას ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში",_ აცხადებს უსუფაშცილი აღნიშმავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ამ შეხვდრას არ დასწრებია, მისი მხრიდან აღნიშნული იყო, რომ აშშ არის და უნდა დარჩეს საქართველოს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად.
უსუფაშვილი ასევე აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფორმატი ივანიშვილისა და კლინტონის შეხვედრის საშუალებას არ იძლეოდა.
„ბატონმა ბიძინამ მიმართა საელჩოს და გამოთქვა სურვილი პირისპირ შეხვედრის, ამით მან დაადასტურა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კოალიცია „ქართული ოცნების" და პირადად მის პოზიციას, რომ აშშ არის და უნდა დარჩეს საქართველოს ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ამ ვიზიტის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლეოდა ამის თაობაზე ჩვენ გვითხრეს საელჩოს წარმომადგენლებმა, პირადად ბატონმა ელჩმა ასე რომ ეს საკითხი გადაწყდა სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
ბატონი ბიძინა პერსონალურად არ იყო მოწვეული ამ შეხვედრაზე, მაგრამ მას ჰქონდა საშუალება დასწრებოდა მას, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მოწვევა არა ინდივიდუალურად, არამედ სამი წარმომადგენლის კოალიცია „ქართული ოცნებიდან", _ აცხადებს უსუფაშვილი.