საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში დღეს ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, მათ შორის, ყოფილი სანატორიუმი „შახტიორი", რომლის რეაბილიტაცია კერძო ინვესტიციის ფარგლებში ხორციელდება. შენობა, რომელიც უკვე ამორტიზირებულია, 2013 წლისთვის ახალი ფეშენებელური სასტუმრო ინტერკონტინენტალი გახდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი გახდება და კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის, ხოლო ახალი სასტუმრო, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სასტუმროებს გაუწევს კონკურენციას.
„ნახეთ, როგორი საოცარი სილამაზეა აქ და როგორი განადგურებული იყო ყველაფერი. აქ იქნება წყალტუბოს კონტინენტალი - ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვინ იოცნებებდა ოდესმე, რომ ამ დანგრეულ, ღვთისგან მივიწყებულ ადგილას ჩამოვიდოდა ინტერკონტინენტალის ბრენდი, ან მისი მსგავსი და რაიმეს გააკეთებდა. აქ რაც კეთდება 2 წელიწადში ყველაზე მაგარი სასტუმრო იქნება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. არსად, არც პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კარლო ვივარში ან უნგრეთში, მსგავსი არაფერი არ იქნება. ეს მხოლოდ საქართველოში, იმერეთში, ქუთაისის მახლობლად, წყალტუბოში იქნება. ეს ყველაფერი კი ხალხისთვის კეთდება," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, წლების განმავლობაში წყალტუბოში დიდი გაჭირვება და უმუშევრობა იყო და ახლა ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს მნიშვნელოვანი საკუროროტო ზონა გამოცოცხლდეს და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს. მისივე თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, პარლამენტი და ახალი სასტუმრო კომპლექსები კიდევ უფრო შუეწყობს ხელს რეგიონში დასაქმების პრობლემის გადაჭრას.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ადგილზე შეიქმნება 1500-2000 სამუშაო ადგილი. ამავე პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამოიყო საცხოვრებელი ადგილები და შეიქმნა სამუშაო ადგილები.
„ვაკეთებთ პარკებს და სპებს, მიმდინარეობს აბანოების აღდგენა. ასევე ვაკეთებთ ბალნეოლოგიურ კურორტებს. აქ უკვე მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები და უახლოეს მომავალში წყალტუბოში ყველაფერი ხარაჩოებში იქნება ჩასმული. აქ ყველაფერს იმ გამოცდილებით გავაკეთებთ, რაც სიღნაღში, მესტიაში, თბილისის ცენტრში, მცხეთაში, კახეთში მივიღეთ. აქაურობა ყველაზე მაგარი იქნება, რადგან რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, მით უფრო მეტ ცოდნას ვიძენთ და ეს იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ევროპის ერთ - ერთი ყველაზე მთავარი ადგილი - საქართველოს მთავარი ტურისტული სიამაყე და ასევე იმერეთის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოს პარკის ტერიტორიზე ე.წ. „მეექვსე აბაზანის" შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, რომლის რესტავრაციაც კერძო ინვესტიციის ფარგლებში მიმდინარეობს. შენობა, რომელიც 1951 არის აშენებული, ძველ იერსახეს დაიბრუნებს და 2013 წლისთვის თვეში 800 ტურისტსა და პაციენტს მიიღებს. კერძო ინვესტიციის ფარგლებში შენობის რეაბილიტაციაში და ინფრასტრუქტურის მოწყობაში 4 მილიონი დოლარი დაიხარჯება. წყალტუბოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად 2013 წლისთვის დასრულდება, რომლის ფარგლებშიც განახლდება დასასვენებელი პარკები და მოედნები, აშენდება რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო და მთლიანად შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემები.