ბათუმში სათლების აქცია გაიმართა. ქართული ოცნების წევრებმა 50 სანთელი აანთეს სიმბოლურად, იმ 50 გმირის პატივსაცემად, რომლებიც ბათუმისთვის ბრძოლაში 1921 წელს დაეცნენ. ამ აქციით ქართული ოცნების წარმოადგენლებმა გმირთა სკვერში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს.
ქართული ოცნების წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ ბათუმის საკრებულოსა და აჭარის მთავრობას, რომლებმაც ყოფილი თავისუფლების მოედანი 1 ლარად გაასხვისა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბათუმისთვის მებრძოლთა საფლავებიდან სამ მეტრში დაწყებული გრანდიოზული მშენებლობა დააზიანებს და შეურაცხყოფს საფლავებს.
„ჩვენთვის მიუღებელია აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება, გაასხვისოს ის ტერიტორია სადაც ქართველი გმირები განისვენებენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეურაცყოფა. ჩვენი მოთხოვნაა ინვესტორს გამოუყონ ალტერნატიული ფართი მშენებლობისთვის. სხვა შემთხვევაში პროტესტის მასშტაბი, რომელიც აქ მშენებლობის დაწყებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი იქნება, ბათემელებმა ეს მშენებლობა აბსოლუტურად მართებულად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის შეურაცხყოფად აღვიქვით და ამას არ დავუშვებთ", - აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სულხან ღლონტი.
ყოფილი თავისუფლების მოედანი აჭარის მთავრობამ, თურქულ კომპანიას „სისტემ ინშაათს" სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ამა წლის 17 იანვარს გადასცა. ტერიტორიაზე 40 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.