"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ მაია მიმინოშვილის განთავისუფლება პოლიტიკური დევნის მაგალითია. მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევები საქართველოში საკმაოდ ბევრია.
,,ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირი განთავისუფლებული იქნა პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუნდაც მისი ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების გამო. ასეთი ნაბიჯები ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება, პირიქით უფრო დააზარალებს და ამ უსამართლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. მაია მიმინოშვილის შვილი, თუ დემონსტრაციაზე წავიდა ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური უფლებაა, კონსტიტუციით გარანტირებული. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის განუკითხაობები ჩვენ ქვეყანაში პირველი არ არის', _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ: განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიმინოშვილის განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად განათლების სამინისტრომ მაია მიმინოშვილსა და სამინისტროს შორის პრინციპული შეუთავსებლობა დაასახელა.
თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".