საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე მედიაში გავრელებულ ინფორმაცია ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ საქმე მოითხოვს, მზადა არის ნებისმიერ დროს ჩაფრინდეს იტალიაში და ჩვენება მისცეს მოწმის სტატუსით. განცხადება კახა კალაძემ ფეისბუქში, თავის გვერდზე გააკეთა.
"მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის პოლიციამ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკითხა რამოდენიმე ფეხბურთელი. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე შესაძლოა დასაკითხ პიროვნებათა შორის მეც ვიყო.
თუ საქმე მოითხოვს, მზადა ვარ ნებისმიერ დროს ჩავფრინდე იტალიაში და ჩვენება მივცე მოწმის სტატუსით. მე მთელი ცხოვრება ვბრძოლობდი ღირსეულად და მთელი ცხოვრება ვებრძოდი ჩაწყობილ თამაშებს.
მასმედიის გარკვეულ საშუალებებს მოვუწოდებ ნუ გააკეთებენ წინასწარ მცდარ დასკვნებს და ხელოვნურად ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.
სამართალდამცველების აზრით, "ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახა კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.