ე. წ. სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მიმართვას უგზავნის და მას სულიერი განადგურებიგან დაცვას სთხოვს. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, მიმართვას 1 000 ადამიანზე მეტი აწერს ხელს.
ოსი მართლმადიდებლები მოსკოვის საპატრიარქოს უკმაყოფილონი არიან. კერძოდ, ოსი სეპარატისტების უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, ვოლოკოლამსკის არქიეპიკოპოს ილარიონის გამონათქვამებმა ე. წ. ალანიის ეპარქიის ეპისკოპოს გიორგის მიმართ.
სეპარატისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების გამონათქვამები მათი ე. წ. ეპისკოპოსის მიმართ შეურაცხმყოფელია.
"ეპისკოპოს გიორგი გამუდმებით უწოდებენ "თვითმარქვიას", "თვითხელდასხმულსა" და "განდგომილს". ჩვენი მოთმინების ფიალა აავსო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, ვოლოკოლამსკის არქიეპიკოპოს ილარიონის გამონათქვამებმა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილებას ხელმძღვანელობს", _ წერენ სეპარატისტები და ყველას შეახსენებენ, რომ "მართლაცდა, სამხრეთ ოსეთის ეკლესია არასოდეს ყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს წევრი და მით უფრო საქართველოს საპატრიარქოსი".
სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ ე. წ. ალანიის ეპარქია არსებობდა და არსებობს ცალკე, დამოუკიდებლად, ქართული და რუსული ეკლესიების გარეშე.
"შესაბამისად, იგი არც რუსულ და არც ქართულ ეკლესიას არასოდეს გამოყოფია", _ ნათქვამია წერილში და იქვე ხაზგამითაა აღნიშნული, რომ არქიეპიკოპოს ილარიონის გამონათქვამებით შეურაცხყოფილნი არიან არა მხოლოდ ეპისკოპოსი გიორგი და სამხრეთ ოსეთის მორწმუნეები, არამედ პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელიც მხარს უჭერს ალანიის ეპარქიას.
"ჩვენ ჩვენი სისხლით მოვიპოვეთ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ დამოუკიდებელი ეკლესია. გვჯერა, რომ არქიეპისკოპოს ილარიონის სიტყვებს არ იზიარებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმახურთა უდიდესი ნაწილი. დიმიტრი ანატოლის ძევ, დაგვიცავით ფიზიკური განადგურებისგან, დაგვიცავით სულიერი განადგურებისგან", _ ნათქვამია მიმართვის ბოლოს.