"უარი არა, მაგრამ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ მერიისგან და ყველას ვაცნობეთ ამის შესახებ. მივმართეთ არასამთავრობოებს და ვუთხარით, რომ მერიისგან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს ვერ ვღებულობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მერიისგან უარი მივიღეთ", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური არასამთავრობოების მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას. ძიძიგური აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები 27 მაისის მანიფესტაციისთვის სცენის დამონტაჟებას დილის ხუთ საათზე დაიწყებენ.
"ამიტომ კვირას, დილის ხუთ საათზე, სცენისა და სხვადასხვა ტექნიკური საშუალების დამონტაჟებას ვიწყებთ და ამის შესახებ ინფორმირებულია მერია, საპატრულო პოლიცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" ძიძიგური.
შეგახსენებთ: არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" თბილისის მერიას მოუწოდებენ, არ დაუშვას შეკრების თავისუფლების განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მათ განცხადებით მიმართა, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მერიამ კოალიციას უარი უთხრა, მიმდინარე წლის 27 მაისს ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისათვის სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე.