მოძრაობა "ეროვნულობის" ერთ-ერთი ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ თურქეთს საქართველოსთვის ბათუმის წართმევა უნდა. მიზეზად ხაჭაპურიძე საქართველოს ხელისუფლების უნიათობას ასახელებს.
გაზეთ"ალიაში" გამოქვეყნებული მასალის თანახმად, თურქეთის სკოლებში ისტორიის ისეთი სახელმძღვანელო გაჩნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ბათუმი თურქეთის ტერიტორიის შემადგენლობაში იყო. ამავე სახელმძღვანელოში ბათუმის ფოტოზე არის მინაწერი, რომ ყველა ჭეშმარიტი თურქის ვალია, ბათუმი და მისი შემოგარენი თურქეთს დაუბრუნოს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული ტიპის სახელმძღვანელოები დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. ამ შემთხვევაში თურქეთის მიზანია, ბათუმი წაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმი თურქეთის საკუთრებაა, რომელიც საქართველოს მიერაა ოკუპირებული. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ჰყავს უნიათო და სამშობლოს მოღალატე ხელისუფლება და ასეთ პირობებში გასაკვირი არაა, სხვა სახელმწიფოს ინტერესი გაუჩნდეს როგორც დავით გარეჯზე, ასევე ბათუმსა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. ქვეყანაში სანამ არ იქნება ეროვნული თვითშეგნებაზე დამყარებული ხელისუფლება, ყოველთვის იქნება ანალოგიური პრობლემები, როცა ჩვენზე ძლიერი სახელმწიფო ეცდება საქართველოს ტერიტორიების მითვისებას", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" ხაჭაპურიძე.
ხაჭაპურიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მიმართოს.
"აღნიშნული მასალა "სკაიპის" საშუალებით ვნახე. ხვალ უშუალოდ ჩამომივა მასალა და როცა ეს ყველაფერი მექნება, ვაპირებ მივმართო როგორც თურქეთის საელჩოს საქართველოში, ასევე თურქეთის და საქართველოს ხელისუფლებას. თუ საჭირო გახდება, აქციებსაც დავიწყებთ", _ აცხადებს ხაჭაპურიძე.