ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის დარულების შემდეგ ჩოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი მიდიოდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, საზღვრის გადაკვეთაზე და ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებზე.
ჩოჩიევმა თანათავმჯდომარეებს შესჩივლა, რომ საქართველოს და მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციას "არ ესმით, რომ ჩვენ სახელმწიფო საზღვარი გვაქვს და ამ გაგებით პოზიციას არ შევიცვლით".