სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ქვემო ნიქოზში შექმნილი ფერმერთა გაერთიანება - კოოპერატივი ,,ქვემო ნიქოზი" დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. 130 ჰექტარ მიწის ფათობზე გაშენებული სადემონსტრაციო ნაკვეთების მორწყვა თანამედროვე წვეთოვანი სისტემით ხორციელდება. აღნიშნულ ფართობზე დაახლოებით 150 ტონამდე სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის (პომიდორი, ხახვი, ბროკოლი, ჭარხალი, ტკბილი წიწაკა) მოყვანა იგეგმება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პირადად მიიღო მონაწლეობა ჩითილების დარგვის პროცესში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ინიციატივით შექმნილ ფერმერთა გაერთიანების წევრები ადგილობრივი გლეხები და იქ ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ისინი მცენარეთა ახალი ჯიშების, ფერმერთა მეურნეობის მართვის, წარმოების უახლესი ტექნოლოგიების შესახებ კონსულტაციებს გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტებისგან იღებენ. კოოპერატივ ,,ქვემო ნიქოზში" 143 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა რიცხვი სეზონზე იზრდება.
მსგავსი ტიპის მეურნეობები მომავალში ყველა იმ ტერიტორიაზე გაშენდება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებებია. ფერმერთა მიერ მიწების ერთობლივი ძალებით დამუშავება, კოოპერატივის თითოეულ წევრს ბევრად მაღალი მოსავლის მიღებისა და შემოსავლის გაზრდის საშუალებას მისცემს.