ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ვერ შეაფერხებს. ამის შესახებ მან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დამახასიათებელია, როგორც ახალი, ისე უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიებისთვის.
,,ვფიქრობ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, ხელს არაფერი შეუშლის. ის პრობლემები, რომლებიც ანგარიშში აისახა, ყველა ქვეყანას აქვს ხოლმე, მათ შორის როგორც ახალ, ისე ძველ დემოკრატიებს. პოლიცია ძალის გადამეტებას ყველა ქვეყანაში ახდენს ხოლმე. ამ ძალის გადამეტებაზე რეაგირება ხდება. ვიღაცას საკმარისად მიაჩნია ეს რეაგირება, ვიღაცას - არა. ბუნებრივია, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება აუცილებელია და მთავარია, რომ ასეთი ტენდენციები აღმოიფხვრას. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ისტორიაში პოლიციას ამხელა რეიტინგი არასოდეს ჰქონია", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელებულია, შორის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატიმართა უფლებების დარღვევა, სასამართლოს მიერ კანონის არათანაბარი გამოყენება, გაფიცვებში და საპროტესტო აქციებში არამართლზომიერი ჩარევა და ა.შ.