"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრები თვითმმართველობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ბათუმის ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის გადახურვისთვის უნდა გამოიყოს, აგრეთვე 700 000 ლარი ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე საათის განთავსებისთვის გაიხარჯება.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" დღეს საკრებულოს უმრავლესობის მისამართით განცხადება ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლიდან გააკეთეს.
,,თუ ქალაქის თვითმმართველობის უმრავლესობის წევრები იბრმავებენ თვალებს და ვერ ხედავენ ბათუმში არსებულ პრობლემებს, ჩვენ "ქრისტიან-დემოკრატები" კონკრეტული მისამართიდან მოვუწოდებთ , რომ უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრების პირობები და შემდეგ განახორციელონ თავიანთი ფანტაზიის მიხედვით ქალაქის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა. როცა ადამიანები მსგავს პირობებში ცხოვრობენ, შეცდომა და უფრო მეტიც, დანაშაულია ასტრონომიული თანხების ხარჯვა, ქუჩის გადახურვაზე, საათსა და მსგავს ღონისძიებებზე"- განაცხადა ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ნაზი ქობულაძემ.