კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში მორიგი შეხვედრა სოფელ ინგირში გამართა. ალასანიამ ინგირის მცხოვრებლებთან „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა.
ინგირის მოსახლეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერტორიული და უსაფრთხოების საკითხები, ქვეყნის სააგარეო პოლიტიკის მიმართულებები და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზები.
შესაბამისად, მოსახლეობამ ყველა ეს კითხვა დაუსვა ირაკლი ალასანიას.
„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური საფრთხე არის რუსეთი. ჩვენ სიფრთხილით და დიპლომატიით უნდა დავიწყოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. სწორედ ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენი ისტორიაა. საქართველოს ათასწლეულების მანძილზე უამრავი მტერი ჰყავდა და ტერიტორიები იყო ოკუპირებული, მაგრამ როდესაც ქართველებმა ერთსულოვნება გამოვიჩინეთ, აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და საქართველო წავიყვანეთ წინ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.