კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მოქალაქეობრივია და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მისაღებია.
"ივანიშვილის პოზიცია არის მოქალაქეობრივი პოზიცია. მას მიაჩნია, რომ ერთი კაცისთვის კონსტიტუციის შეცვლა - ეს არის სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი და სახელმწიფო ღირებულებების უპატივცემულობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პათოსი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მისაღებია", _ განაცხადა ძიძიგურმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ამით "ქართული ოცნების" გეგმები არ შეიცვლება.
"ივანიშვილი თავის წერილში აღნიშნავს, რომ მას აქვს სრული შესაძლებლობა, კოალიციის ლიდერი იყოს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნების" გეგმები არ შეცვლება", _ აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ: ივანიშვილი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.