"სიმართლე გითხრათ მეეჭვება, ბიძინა ივანიშვილის წერილის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელი არ მოაწეროს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების" კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილისთვის მიწერილი განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის პოზიცია დაგვიანებულია.
"ივანიშვილს ასეთი მკაცრი განცხადება თავიდანვე რომ გაეკეთებინა, ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას არ მოადუნებდა და საბოლოო ჯამში ივანიშვილი მიაღწევდა იმას, რაც კანონით ეკუთვნის, ვგულისხმობ მოქალაქეობას. დღეს, როდესაც აცხადებს, რომ არ ისარგებლებს საკონსტიტუციო ცვლილებებით, ძალიან კარგია. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ივანიშვილის პოზიცია დაგვიანებულია", _ განაცხადა კახიშვილმა.
მისი განცხადებით, სააკაშვილი ივანიშვილის თხოვნას არ გაითვალისწინებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს.
"ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დაგვიანებულია, რადგან პარლამენტში უკვე მესამე მოსმენით ხდება ინიციატივის განხილვა. ამიტომ მეეჭვება, ივანიშვილის წერილის საფუძველზე სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელი არ მოაწეროს", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ივანიშვილმა სააკაშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. წერილში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი არ აპირებს აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებით ისარგებლოს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.