"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერ გიორგი თარგამაძისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მოულოდნელი არ იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადების დაშვება გულუბრყვილობაა. მისი თქმით, შესაძლოა, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ჩათვალეს, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინეს და ახლა მეტის გაკეთებაც არის შესაძლებელი. თუმცა, თარგამაძე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ირწმუნება, რომ ამ საკითხში ხელისუფლება მეტს არაფერს დათმობს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი არ გამორიცხავს, ასევე, რომ ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება 27 მაისს დაგეგმილი აქციის მუხტის ასაწევად იყოს გათვლილი.
თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემპოკრატებმა" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებით, ყველაფერი გააკეთეს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
"ჩვენი ინტერესი ეს იყო და ახლა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან", - დასძინა თარგამაძემ.
ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. ამ წერილში ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 22 მაისს კონსტიტუციური ცვლილება მიიღო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის პარლამენტში არჩევისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება ეძლევათ.
"აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება არის სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება. მეტიც, იგი თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია", - მიაჩნია ივანიშვილს.
იგი პრეზიდენტს მიმართავს, ხელი არ მოაწეროს კონსტიტუციურ ცვლილებებს. ივანიშვილი მზად არის, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად პრეზიდენტს განცხადებით მიმართოს.
"თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში", - აღნიშნავს ივანიშვილი.