საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაჩქარდება.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მისივე თქმით, საზღვრის საბოლოო დელიმიტაციისთვის შესაბამისი დიპლომატიური სამსახურებიც იმუშავებენ.
ცისკარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროვოკაციებს არ წამოიწყებენ, პროცესს ხელს არ შეუშლიან და ისეთ ქმედებებს არ განახორციელებენ, რომლებიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას არ წაადგება.
,,დავით გარეჯის ძირითადი კომპლექსი იყო და რჩება საქართველოს შემადგენლობაში, იმ მცირე ნაწილზე კი, რომელიც წლების განმავლობაში სადაო იყო, მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - დასძინა დეპუტატმა.
დღევანდელ სხდომაზე ,,ქართული დასის,, ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მიტოვება გააპროტესტა და მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვა.