საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ჩიკაგოში მიღწეული წარმატება მალე კონკრეტული შედეგით დამთავრდება.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სდომაზე განაცხადა, სამიტი საქართველოსთვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩიკაგოში ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს პროგრესი დაფიქსირდა
"ეს პროგრესი შემთხვევითი და ღვთისგან ბოძებული სიკეთე კი არ არის. ამ პროგრესის მიღწევას მუხლჩაუხრელი მუშაობა და ის რეფორმები სჭირდებოდა, რომლებიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. ასევე სჭირდებოდა ნატო-სთან სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობა, მათ შორის როგორც სამხედრო, ისე დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალთაზრისით და ეს ყველაფერი დეკლარაციაში დაფასებულია", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს საქართველომ პრეზიდენტის ნებით და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიაღწია.
,,ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ნატოსთან ინტეგრაციის თვალთაზრისით ეს უკვე კონკრეტულ შედეგებში გარდაისახება" - დასძინა ცისკარიშვილმა.