აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 3 წევრით გაიზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შედის.
კანონპროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა 3 წევრით გაიზრდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი საბჭო 4 წლის ვადით აირჩევა. საბჭო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 12 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისგან შედგება.
კონსტიტუციის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც.
აღნიშნული ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაა.