უშიშროების საბჭოს მდივანმა უკანასკნელ დღეებში დავით გარეჯის საკითხის გამო გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო სრული უპასუხიმგებლობისა და უმწიფრობის დემონსტრირება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში "აქცენტები".
მისი თქმით, ასეთ მცდელობას, კანონდარღვევით წარმოქმნილ ინიციატივებს, ყოველთვის ექნება ძალიან მკაცრი პასუხი.
"მითები იმის თაობაზე, რომ ვიღაცა ყიდის ქართულ მიწას, ჯერ ერთი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მითი არის მიუღებელი, ამას არავინ დაიჯერებს. ყველა ხედავს, რომ ხალხი, რომელიც ერთი მხრივ, როცა საქმე ეხება ხოლმე მტრულ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელიც ჩვენ ტაძრებს, ილორში ისტორიულ სახეს უცვლის, სასულიერო პირებს აკავებს, ამ ქვეყანასთან, მასთან წარმოებულ პოლიტიკასთან, როცა არის საქმე, მაშინ გვესმის, მოწოდებები იმაზე, რომ არ უნდა გავაღიზიანოთ, რომ არ უნდა დავსვათ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხი. საერთოდ არ მახოვს ხოლმე ასეთი გაბედული ყიჟინა და დემონსტრაციები. როდესაც მეგობრულ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზეა საუბარი, ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდბენენ ამ დღეების განმავლობაში და მოითხოვდნენ აგრესიულ პოლიტიკას", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის ლუსტრაცია.
"ეს არის ლუსტრაცია, მეტს ვერაფერს დავარქმევ. იმიტომ, რომ მეგობრულ სახელმწიფოსა და მტრულ სახლმწიფოს შორის განსხვავება არის ის, რომ მეგობრებს შორის როცა წამოიჭრება რაღაც პრობლემა, მოლაპარაკების გზით ცდილობენ მის გადაჭრას. რასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ. მტრებს აქვთ მცდელობა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაამხონ, ვინც მტრებთან ითხოვენ დათმობას და მეგობრებთან ომის დაწყებას, ასეთ ხალხს რა ჰქვია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ეს ტერმინი", - განაცხადა ბოკერიამ.