,,პრაქტიკულად, ძალადობა გრძელდება და არ ჩერდება, იმიტომ, რომ თვითონ ეს ძალმომრეობითი რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს ყველანაირად ცდილობს დააშინოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბის წევრები", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ხობის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავას თავდასხმის ფაქტზე კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სამეგრელოში ყველა ძალადობრივ პროცესს ახალაიების კლანი ხელმძღვანელობს.
,,ძალადობრივ პროცესებს სამეგრელოში პირდაპირ ხელმძღვანელობს ახალაიების კლანი", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბ აბაშიძე.
მისივე განცხადებით, ხობის რაიონში მომხდარ ფაქტის უშუალოდ ირაკლი ალასანია შეისწავლის.
,,ირაკლი ალასანია, რომელიც ერთი დღით თბილისში იყო ჩამოსული, დილით ადრე ისევ სამეგრელოში გაემგზავრა და ადგილზევე გაეცნობა სიტუაციას და დამატებით განცხადებებს, რა მოხდა, როგორ მოხდა ირაკლი ალასანია გააკეთებს", - განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლების ძალადობის ,,ქართულ ოცნებას" არ ეშინია და კოალიცია მზადაა სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი ოქტომბერში დაამარცხოს.
,,ძალადობა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ხელისუფლება ძალიან მძიმედ დაუჯდება და მძიმედ შემოუტრიალდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ხელისუფლების ძალადობის არავის არ ეშინია. ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ სამუდამოდ დავამთავროთ ძალადობრივი რეჟიმი. ის ძალადობა, რომელიც სააკაშვილმა უკვე ათი წელია დანერგა ოქტომბერში დაესმება წერტილი", - განაცხადა ..ჯი-ეიჩ-ენთან" ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, 20 მაისს დაახლოებით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან 4 დაუდგენელი პირი თავს დაესხა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას.