"ბიძინა ივანიშვილს არც მაშინ, არც დღეს და არც არასდროს არ ჰქონია იმის უფლებამოსილება და ძალა, რომ ვინმეს კერძო საკუთრებას ხელით შეხებოდა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა მელაძეების ოჯახის ბრალდებების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ ამ პარალელების გავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გიგი უგულავა და კერვალიშვილი აღიარებენ, რომ ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ.
"თუ გამოვლენ უგულავა და კერვალიშვილი (ახლა, მგონი, ის არის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი) და იტყვიან ღიად და საჯაროდ, რომ წლების განმავლობაში მონებივით მოქმედებდნენ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როგორც მონები, კანონის საწინააღმდეგოდ, ივანიშვილის ბრძანებების შესაბამისად, მაშინ ეს პარალელი შეიძლება გავავლოთ. სხვა შემთხვევაში, რამდენიც უნდა ილაპარაკოს მელაძემ, ის საკუთრება დაანგრია და ხელყო თბილისის მერიამ. შესაბამისად, პასუხისმგებელიც არის ქალაქ თბილისის მერია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ხიდაშელმა.
მისი თქმით, მელაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი მერიამ დაუნგრია.
"სახლს ვერ შეეხებოდა ვერავინ, თმის ღერს ვერ ჩამოუგდებდა ვერავინ, რომ არა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკა, რომელიც იქ მივიდა, რომელზედაც იყვნენ ამხედრებული ზედამხედველობის სამსახურის ფორმებში ჩაცმული ახალგაზრდები და დაუნგრიეს მას სახლი. ერთადერთი, ვისაც ამ ღონისძიების განხორციელება შეეძლო, იყო სახელმწიფო".
შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილს მელაძების ოჯახი წყნეთის ხევში მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მიტაცებაში ადანაშაულებს.