დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ ის არ იცნობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას, თუმცა უდაბნოს მონასტერში ვითარება უცვლელია.
„ტურისტებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში ისევ არ უშვებენ. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რომ გამოჩნდნენ პირველად, იმის შემდეგ ისინი აღარ ჩანდნენ და ქართველი მესაზღვრეები აღარ უშვებდნენ ტურისტებსა და მომლოცველებს. ახლა ისევ გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები", - განუცხადა წინამძღვარმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისის შემდეგ, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერში ტურისტებსა და მომლოცველებს აღარ უშვებენ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის უდაბნოს კომპლექსის მოლოცვა - მონახულება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ნათია მურაჩაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მათ ამის იმედი აქვთ.