დღეს, 17 მაისს 12:00 საათზე თელავში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში კახეთის განთავსების ობიექტების კლასიფიკაციის შედეგად შეფასებული სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭებისა და შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორი ივა დავითაია დაესწრებიან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ასოციაცია „გლობალ სტარის" მიერ დაიწყო კახეთის სასტუმროების კლასიფიკაციის პროცესი, რომელიც ამ რეგიონის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს განთავსების ობიექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
კლასიფიკაციის პირველი ეტაპი განხორციელდა კახეთის 5 მუნიციპალიტეტში და მთლიანობაში შემოწმდა 15 განთავსების ობიექტი. სასტუმროების ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ პროცესს და საწყის ეტაპზევე გაითვალისწინა „გლობალ სტარის" წარმომადგენლის რეკომენდაციები. პირველადი მონაცემების მიხედვით მდგომარეობა სექტორში შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკმაყოფილებელი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ზრდა აღინიშნება არამარტო რაოდენობის მხრივ, არამედ რიგი სასტუმროს შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მომსახურების და კომფორტის საშუალებების ხარისხობრივი მაჩვენებელიც.
პირველადი შეფასების შედეგად გამოვლინდა ობიექტები რომელთაც მესამე კატეგორიის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭება. გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ რამდენიმე ობიექტი მიიღებს მეორე კატეგორიის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო დანარჩენ ობიექტებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, რის გამოც ამ სასტუმროების საბოლოო სერტიფიცირებისთვის მომზადებას მეტი დრო დასჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის სასტუმროების კლასიფიკაცია ამით არ დასრულებულა, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება არამარტო კლასიფიცირებულ სასტუმროებთან, არამედ იმ ობიექტებთანაც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვნენ სისტემაში და მაქსიმალური დახმარება გაეწევა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ პროცესში. ცხადია რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელობა სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ხარისხიანი სასტუმროების რაოდენობა იმ მოთხოვნილების შესაბამისი უნდა იყოს, რომელიც ამ ტურისტულ მიმართულებაზეა მოსალოდნელი.