"მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების კომენტირებისას და აღნიშნავს, რომ მისასალმებელია ევროკავშირის ამგვარი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რა თქმა უნდა, გადასახედია და კარგია, როცა ევროკავშირმა დაიკავა ის პოზიცია, რასაც ოპონენტები ეუბნებიან ხელისუფლებას. "შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს" და კარგია, როცა ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, გონივრულად მოიქცეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.
"ეჭვი მეპარება, ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება გონივრულია. მგონია, ქართული საზოგადოება მიხვდება, რომ ევროკავშირიც ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობენ სააკაშვილის ოპონენტები", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
პოლიტოლოგი პრობლემის მოგვარების საშუალებად ხელისუფლების შეცვლას მიიჩნევს.
"რა რეკომენდაცია შეუსრულებია საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინოს. ამიტომ გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა, ოქტომბრის არჩევნები", - აცხადებს იგი.
შეგახსენებთ: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას "ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით" არსებული კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს.