„თუკი ხელისუფლებას არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, სანამ რამეს იტყვიან დაფიქრდნენ მაინც და ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ გააკეთებენ. ეს სიტყვები იწერება ისტორიაში და ისინი ამისათვის პასუხს აგებენ ერისა და ისტორიის წინაშე, ეს მინდა რომ იცოდნენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით გარეჯის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა.
„ყველა მეკითხება, თქვენ ხომ არ გექმნებათ პრობლემაო? როგორ, მომლოცველს რომ პრობლემა ექმნება, ეს იგივე ჩემი პრობლემა არ არის? ჩემი პრობლემა და ქვეყნის პრობლემა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. არ შეიძლება ასე დავყოთ პრობლემები. ჩვენ ისე გავთითოკაცდით, რომ ასე ვყოფთ ერთმანეთს. გამოვიდა ჩვენი კულტურის მინისტრი და გააკეთა განცხადება, რომ სასულიერო პირებს არ ექმნებათ ტერიტორიაზე შესვლის პრობლემაო, მაგრამ ეს ასე არ არის. ერის პრობლემა ჩემი პრობლემაა. კულტურის მინისტრი ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, რომ ფაქტია არ არის ჩახედული ამ საქმეში. ამბობს, რომ თითქოს მხოლოდ უცხოელი ტურისტები არ შეუშვეს ტერიტორიაზე, ეს არის სულელური განცხადება. არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან. რეალურად იქ შესვლა ეკრძალება ყველას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პრობლემა არ აქვთ მხოლოდ სასულიერო პირებს, ანუ რა უნდათ, რომ სასულიერო პირები გამიჯნონ ერისაგან? შევახსენებ ყველას, რომ სასულიერო პირი ერისაგან განუყოფელია. ერს თუ აქვს პრობლემა, ეს ეკლესიის პრობლემაა. დღეს დავით გარეჯში პრობლემებია და ეს პრობლემა ყველასთვისაა, ჩემთვისაც და თქვენთვისაც" - აცხადებს წინამძღვარი და აღნიშნავს, რომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არაკანონიერად ითვისებენ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანელები, არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ჩვენს სიწმინდეებს ეპატრონებიან ყოველგვარი მორიდების გარეშე.
"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფო პირებისგან იღებენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამბობენ, მათ აქვთ ბრძანება, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეუშვან არავინ. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და დაფიქრებულად უნდა იმოქმედოს, თუმცა ამის ნაცვლად ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ", -არქიმანდრიტი ილარიონი.