საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარძიის არქიტექტურული ანსამბლის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული პროგრამა მოქმედებს.
ამ ეტაპზე ექსპედიცია რესტავრატორ სანდრო რუბაშვილის ხელმძღვანელებოთ მუშაობს.
მიმდინარეობს ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული სატრაპეზო უბანში წარმოქმნილი ბზარებისა და ნაპრალების გასუფთავება, გამოქვაბულის ჩამორეცხილი და გაფხვიერებული გარე და შიდა კედლების რთული ხსნარით დაფარვა (კლდის იმიტაციის შექმნაა).
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ასევე ხორციელდება ვარძიის ტურისტუილი ინფრასტრუქტურის განვითარების მორიგი ეტაპი. კომპლექსის ტერიტორიაზე დამთვალიერებლის უსაფრთხოებისთვის მონტაჟდება ლითონის მოაჯირები, მიმდინარეობს ბილიკების, ახალი საფეხურებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო სარეაბილიტაციო სამუშაოში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თეორიის ფაკულტეტისა და ახალციხის გრ. ხანძთელის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები.
პროექტში სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს მათი თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში სტუდენტები იღებენ სტაბილურ ანაზღაურებას, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი XII-XIII საუკუნის ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია. მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია, კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ვარძიის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.