აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მათი ღრმა პირადი დაპირისპირების გამო.
ტრამპი ამის შესახებ ჟურნალისტებს Air Force 1-ის ბორტზე ასვლამდე ესაუბრა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შვიდი ომის შეჩერება მოახერხა, თუმცა ამავდროულად აღიარა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
„მეგონა, ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა. მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა“, - თქვა ამერიკის ლიდერმა.
მან ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ღრმა პირადი მტრობა მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად დაასახელა.
„ზელენსკის და პუტინს შორის არსებული სიძულვილი გადაულახავია“, - განაცხადა ტრამპმა.
ამ შეფასებით მან ეჭვი შეიტანა კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ეფექტურობაში.
შეკითხვაზე, სჯერა თუ არა მას ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი. ალბათ, მე თავად მომიწევს საუბარი“.
რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება შედგეს ასეთი საუბარი, პრეზიდენტმა ამაზე ლაპარაკს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება „შედარებით მალე“ მოხდეს.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, ტრამპმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.
„მოლაპარაკებები გაიმართება - სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ალბათ მომიწევს მონაწილეობა. ზელენსკისა და პუტინს ერთმანეთი ისე ძლიერად სძულთ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი თითქმის არ შეუძლიათ“, - თქვა ტრამპმა.