თბილისში მოვარდინლმა წყალდიდობამ ნუცუბიძის პლატოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში ჩასახლებული დევნილთა საცხოვრებელი დააზიანა. ყველაზე რთული სიტუაცია ნუცუბიძის პლატოზე იყო, სადაც დევნილები მაშველებმა ნავებით გამოიყვანეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" " ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მან თავად მოინახულა დევნილთა დასახლებებში. მისი თქმით,
"პირველად, სადაც მივედი ეს იყო გეპეის ყოფილი საერთო საცხოვრებელი, სადაც უმძიმესი მდგომარეობა იყო. იქ ჩასახლებულია 240 ოჯახი. ჩემი მისვლიდან მხოლოდ საათნახევრის შემდეგ გამოცხადდნენ თბილისის მერიის, გამგეობისა და საგანგებოს სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ვიყავი თბილრენმშენის ყოფილ შენობასთან ნუცუბიძის პლატოზე და ავტოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველგან იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. ავტოპარკისა და თბილრენმშენის ტერიტორიიდან ხალხი ნავებით გამოყავდათ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქში მოშლილია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
"მთავარი პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით არის სანიაღვრე სისტემის მოშლა. რეალურად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო დაიღუპა ხუთი ადამიანი', _ განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
იგი თბილისის მერის გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
"რეალურად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო დაიღუპა ხუთი ადამიანი და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა გიგი უგულავასი და თბილისის მერიის. ამიტომ მოვითხოვთ ახლა მაინც დაიწყოს სარემონტო სამუშაოები, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი არ იყვეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, თბილრენმშენის ტერიტორიაზე 84 ოჯახი დაზარალდა. ავტოპარკის ტერიტორიაზე კი რამდენიმე ათეული ოჯახი.
"ავტოპარკისა და თბილრენმშენის შენობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება, რის გამოც იქიდან მოსახლეობა უნდა გაიყვანონ და დროებითი თავშესაფარი მისცენ, რაც შეეხება გეპეის ყოფილ საერო საცხოვრებელს იქ შესაძლებელია წყლის ამოტუმბვა", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.