დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია წალენჯიხაში კვარაცხელიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კოალიციის ლიდერმა მათ "ქართული ოცნების" ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.
ალასანიას განცხადებით, იმის გამო, რომ სამეგრელოში მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია და გლეხს საშუალება არ აქვს სახელმწიფოს დახმარების გარეშე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყოს, ალასანია წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მისი ფონდიდან მიზნობრივად განხორციელდეს გლეხების დაფინანსება.
"როდესაც მიწების 70% დაუმუშავებელია ეს ტრაგედიაა. აქ მშრომელი ცხოვრობს, რომელსაც ელემენტარული ხელშეწყობა სჭირდება. სოფელში კვლავ დეფიციტია, არ არის ტრაქტორი, არ არის სასუქი, ძვირია საწვავი. ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. მე ვპირდები წალენჯიხის და მთელი საქართველოს მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ყველა პროგრამის განხორციელებას. ძლიერი სოფელი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, სწორეს ამიტომ აუცილებელია სოფლის დახმარება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.