პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია და პარტიის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
დღეს ლაშა გვასალია შეხვდება ხობის რაიონის სოფლების ახალი სოფლისა და ხეთას მოსახლეობას და ისაუბრებს 12 მაისს დაგეგმილ დევნილთა მრავალათასიან შეკრებაზე საქართველოს მასშტაბით, გაეცნობა რაიონში მხცოვრები დევნილების პრობლემებსა და საჭიროებებს. ხვალ დაგეგმილია შეხვედრები ხამისკურის, ბიას, ქვემო ქვალონის, ზემო ქვალონისა და ნოჯიხევის მოსახლეობასთან.
როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ზოგიერთი წარმომადგენლის, ძალოვანი სტრუქტურებისა და მათ მიერ მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დაშინების მიუხედავად, მოსახლეობა სოლიდარულია 12 მაისის აქციისადმი და ორგანიზებულად ემზადება ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქციაზე მისასვლელად. ,,12 მაისს, დევნილთა შეკრების, მათი ერთობის აღსანიშნავად, რომელიც ამავდროულად არის ქართველების, ოსებისა და აფხაზების ერთობისა და შერიგების დღეც, ვიწვევთ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, ამ დღეს მიესალმებიან ნინი შერმადინი, ბორის და სოფო ბედიები, ნინი წიკლაური, ანი სირაძე, მიშა სულუხია და სხვები, რომლებიც თავისი სიმღერით შეუერთდებიან საქართველოს გამთლიანების პროცესის დასაწყისს.", განაცხადა ლაშა გვასალიამ. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დაქირავება და საჭირო მოწყობილობის მოპოვება დაშინებული გამქირავებლებისაგან.