ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, "ქართუ" ბანკის ადმინისტრაციის და დამფუძნებლის მხრიდან, მუდმივად აქვს ადგილი მცირე და დიდი საკითხის პოლიტიზების მცდელობას.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2011 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ბანკ "ქართუს" სტაბილურ ფუნქიონირებას არაფერი არ ემუქრება.
ქადაგიძის მტკიცებით, ეროვნულ ბანკს, "ქართუ" ბანკში შემოწმებისას, არც ერთი ოპერაცია არ შეუზღუდავს. მან ხაზი გაუსვა, რომ "ქართუ" ბანკის აქციონერს, სხვა ბანკში მნიშვნელოვანი წილის შეძენის უფლებაც მიეცა.
ქადაგიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, "ქართუ" ბანკის ადმინისტრაციის და დამფუძნებლის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების ნაცვლად, არსებობს ყველანაირი მცდელობა, ხელი შეუშალონ ჩვეულებრივი შემოწმების პროცესს.
"ბანკის ადმინისტრაციის და დამფუძნებლის მხრიდან მუდმივად ვაფიქსირებთ მცირე და დიდი საკითხის პოლიტიზირების მცდელობას. პოლიტიკოსების მიერ საბანკო სექტორის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია. ამას არ დავუშვებთ. ეროვნული ბანკი კანონით მინიჭებულ ყველა ზომას გაატარებს. ვერ დავუშვებთ, რომ საბანკო სისტემა 90-იან წლებში დაბრუნდეს", - დასძინა ქადაგიძემ.