ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, პარლამენტის დაუსრულებელ შენობაში, სახელმწიფო მნიშვნელობის სხდომა არ ჩატარონ.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, არსებობს ელემენტარული ნორმატივები, რომელიც უნდა შესრუდლეს. კერძოდ, თუ მიღება - ჩაბარების აქტი არ არის ძალაში შესული და თუ ექსპლუატაციაში გაშვების შესაბამსი უფლება არ არის გაცემული სპეციალური კომისიის მიერ, ასეთი შენობაში სახელმწიფო მნიშვნელობის სხდომა არ უნდა ჩატარდეს.
ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტმა ერთ-ერთი გამოსვლისას გამოთქვა ეჭვი, რომ 26 მაისისთვის ქუთაისის შენობის მშენებლობა ვერ დასრულდება და ასეთ შემთხვევაში მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნება. მისი თქმით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის შენობის დასრულება ვერ მოესწრება.
"ღმერთმა დაიფაროს რამაზიც და ნებისმიერი ადამიანიც, რომელიც შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგეს და პირადი ნერვიულობის და ჯანმრთელობის ხარჯად დაუჯდეს შეუსრულებელი პირობა.ჩვენ უკვცე ვნახეთ აჩქარებას რა მოჰყვა, როცა პარლამენტის შენობის ადგილას ობელისკის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა იმიტომ, რომ სპოციალისტები ააჩქარეს" - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია მისი განცხადება გაიგოს როგორც ზრუნვად და ან როგორც გაფრთხილებად, რადგან მიაჩნია რომ უმრავლესობა 26 მაისს არ უნდა შევიდეს იმ შენობაში, სადაც ხარაჩოების მეტი არაფერი დგას.
"მოგიწოდებთ კანონის მოთხოვნები გაითვალისწინოთ და არც თქვენი ჯანმრთელობა ჩააყენოთ საფრთხის ქვეშ და არც მტერი გააცინოთ" - დასძინა ლორთქიფანიძემ.