საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქუთაისში, აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა.
დღევანდელ პლენალურ სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმ პერიოდზე საუბრობდა, როდესაც საქართველოს დედაქალაქიმოსკოვი იყო.
,,საბჭოთა პროპაგანდა და იდეოლოგია, იყო, რომ ქართულ ცნობიერებაში, აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს განუყოფელი ნაწილი არ ყოფილიყო, ასევე აკრძალული ყოფილიყო კვლევები ერთიანი საქართველოს შესახებ. ეს ვინმესთვის გასაკვირია? ამაზე იყო საუბარი ბატონი პრეზიდენტის მხრიდან. ან თვითონ საქართველო იმ პერიოდში თავის თავს ეკუთვნოდა? საქართველოს დედაქალაქი - თქვენ არ გახსოვთ ალბათ, მაგრამ მოსკოვში იყო. თქვენ გინდათ დღესაც იქ დავბრუნდეთ. თქვენი ლიდერები მოსკოვიდან იღებენ დირექტოვებს და თქვენი პოლიტიკა იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო რუსულ იმპერიას ჩაბარდეს,,- მიმართა ცისკარიშვილმა ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს.
ცისკარიშვილის განცხადებით, 90-იან წლებში ასლან აბაშიძის პერიოდში აჭარა საქართველოს იურისდიქციას - თბილისს არ ექვემდებარებოდა.
,,რეალურად აჭარის შემომტკიცება დანარჩენ საქართველოს ტერიტორიასთან 2004 წლის შემდეგ მოხდა და ესეც ხომ რეალობაა?", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ინტერპრეტაციები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის სიტყების გამო, მთელი მსოფლიო საქართველოს დამცინავად უყურებს, კარგად გაირკვევა მომავალ კვირას, ბათუმში დაგეგმილი ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე.
,,ეს ფორუმი საქართველოს განვითარებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო არავის დასაცინი ქვეყანა არ არის, პირიქით ბევრი ქვეყანა საქართველოს ინტერესით უყურებს, ბევრი კოპირებასაც ახდენს საქართველოში განხორციელებული რეფორმების,, - დასძინა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.