გურჯაანის რაიონში სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. წვიმების გამო მდინარე ჭერმის ხევი ადიდდა, სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა კი მდინარეზე გადის.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა პეტრუზაშვილმა განუცხადა, ადიდებულმა მდინარემ პრობლემა სოფელ ველისციხესთან დამაკავშირებელ ე.წ. „ჟორსის ხიდსაც" შეუქმნა. „ადგილზე ვიყავი, დავათვალიერეთ. როგორც კი გამოიდარებს და მდინარეში წყლის დონე დაიწევს, სამუშაოებს დავიწყებთ", - აღნიშნა გოგა პეტრუზაშვილმა.
წყლის დონემ მოიმატა კახეთის სხვა მდინარეებშიც, თუმცა ამ დროისთვის წყალი ნაპირებიდან არსად არ გადმოსულა. „ღვარცოფულ მდინარეებში წყლის დონემ უმნიშვნელოდ მოიმატა, ადიდებული არ არის. მთაში თოვლი დნება და ამ დროს ყოველთვის ასეა, წყალი იმაზე მეტი მოდის ხოლმე, ვიდრე ზამთარში. მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის საფრთხე არ არსებობს, რადგან ინტენსიურად არ წვიმს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გია გოზალიშვილმა.