დღეს, 21 იანვარს, პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" ეგიდით მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეონა ჯორბენაძემ განუცხადა, გალაკონცერტზე ცნობილ ქართველ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მარჩელო ალვარესი, აღიარებული სოპრანო, მიშელ კრაიდერი და იტალიელი ტენორი ამბროჯიო მაესტრი.
გარდა იმისა, რომ კონცერტი საქველმოქმედოა, ის პაატა ბურჭულაძის 55-ე წლის იუბილესაც ეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი. ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
კონცერტიდან შემოსული თანხა კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში ჩაირიცხება.
კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერით გადაიცემა.