ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს, - ამის შესახებ ჟურნალ "ტაბულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილმა რუსმა ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, იგი არაპირდაპირი ნიშნებით მსჯელობს და იცის, რომ ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არ აქვს.
"ჩემთვის ეს ყოველთვის არის ზუსტი კრიტერიუმი იმისა, რომ ეს ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. მაგრამ ეს არის ასპროცენტიანი მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთქმედების (взаимодействия) სასარგებლოდ. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები ხელისუფლებასთან და, იმავდროულად, არ არიან მისი პოლიტიკის მხარდამჭერები და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, ამ ფაქტზე, ასევე რიგ სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებ ახლა საუბარი არ მინდა (თანაც არ მინდა ვულგარულად გამოვჩნდე, თითქოს კონსპიროლოგიით ვარ დაკავებული), მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს განვითარების დამოუკიდებელ ვექტორს ვერ შეინარჩუნებს. ამასთან, მე არ ვამბობ, რომ იგი დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეკრულია. მაგრამ, ამ ვარიანტსაც ვერ გამოვრიცხავ", - აცხადებს ოლიგარქი "ტაბულასთან" ინტერვიუში.