საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა საბოლოოდ ეტყვის უარს "უკანასკნელ რუსულ პროექტს".
იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვოსას წიკლაური საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდა და ღნიშნული ცვლილებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო. ერთის მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართვას, რასაც წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ამასთან, არავინ მალავს, რომ ერთი კონკრეტული ფიგურის გამო არაორდინალური ვითარებაა შექმნილი. მან საქართველოს მოქალაქეობა ორჯერ უარყო, მოქალაქეობის მესამედ მისაღებად კი არასწორი იურიდიული გზა აირჩია, რის გამოც ქართულ სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა იმისა, მას მოქალაქეობა აღუდგინოს. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ხალხს ეძლევა საშუალება, ან ის ძალა აირჩიოს, რომელსაც მკაფიო პოლიტიკური გზა აქვს, ან აირჩიოს რუსული პროექტი. მწამს, რომ ქართველი ხალხი უკანასკნელ რუსულ პროექტს თავის განაჩენს გამოუტანს", - აღნიშნა წიკლაურმა.
საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, რომელიც მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.