ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანს იტალიური კალია შეესია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით ქააძემ განუცხადა, კალიები ნათესებს ელვის სისწრაფით ანადგურებენ.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაახლოებით 300 ჰექტარი უკვე გადაძოვეს, აქამდე მხოლოდ ბალახს ჭამდნენ, ახლა უკვე ყანებს შეესივნენ და უკვე 15 ჰექტრამდე ყანა გაანადგურეს. პატარა, შავი ფერის კალიებია. როგორც წყლის ტალღა, ასე მოდის და უკან მარტო სიცარიელე რჩება. ძალიან ბევრია.
დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე და 5-10 სანტიმეტრის სისქეზე ერთმანეთზე არიან ასხმულები და ასე მოდიან. 3-4 დღეა შემოვიდნენ, მაგრამ მე გუშინ გავიგე. მუნიციპალიტეტის გამგეობა, გუბერნატორის ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში არიან და ველოდებით რეაგირებას", - აღნიშნა დავით ქააძემ.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეწამვლა დღეიდან უნდა დაეწყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. „როგორც მითხრეს, წვიმიან ამინდში კალიები შებუდულები არიან. როგორც კი გამოამინდდება, შეწამვლა დაიწყება", - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.