საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის გამო ბოდიშის მოხდას უარყოფს.
" თეჰრან თიმეს"-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის გამო, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება უშუალოდ ვაშაძის ვიზიტს ირანში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩეჰრ მოთაქის, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს საიდ ჯალილის, ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარეს ალი ლარიჯანის და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს.
შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საქართველოში ირანული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც და დაადასტურეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აუცილებლობა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მინისტრებმა ირანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველო ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას, აქვს როგორც ვალდებულებები, ასევე კანონიერი უფლება განავითაროს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიები. ის უნდობლობა, რომელიც არსებობს საერთაშორისო საზოგადოებასა და ირანს შორის აღნიშნულ საკითხზე, ხელს უშლის ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობას. ვაშაძის განცხადებით, ეს პრობლემა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს, რაც ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ინტერესებში შედის.