ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორის რაიონის გაზმომარაგებისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან სარწყავი წყლის საქართველოსთვის მიწოდების საკითხი განიხილებოდა დღეს ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევისა და დამოუკიდებელ ექსპერტთან ვერნერ იოჰანიდისს შორის გამართულ შეხვედრაზე. ეს ექსპერტი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხებზე მუშაობს.
ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ახალგორის რაიონისათვის გაზის მიწოდების საკითხის გადაწყვეტამდე ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მიმართულებით სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი დახურულია და მისი განხილვა არ იქნება.
"თბილისის ზეწოლის შედეგად ახალგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილმა სამხრეთ ოსეთი დატოვა. დარჩენილი მოსახლეობის ნაწილისთვის კი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების შანტაჟს ყურადღება არ მიაქცია, სირთულეები იქმნება. მათ გაზი გაუთიშეს. მანამ ვიდრე ახალგორის რაიონის მოსახლეობას გაზის მიწოდება არ აღუდგება, საქართველოში სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის განხილვა არ დაიწყება", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა: "დავარწმუნეთ იოჰანიდისი, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონ გაზის მიწოდებას აღუდგენს, სამხრეთ ოსეთი მზადაა დაიწყოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამავალი ტირიფონის არხის სარემონტო სამუშაოების დაწყების საკითხი", _ განაცხადა ჩოჩიევმა.