სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გლდანის ციხეში გარდაცვლილ ზურაბ დელიანიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, ლეგიტიმურია.
"დელიანიძის გარდაცვალება არის უაღრესად სამწუხარო ფაქტი და ჩემთვის პირადად ყველა კითხვა, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად ლეგიტიმური. ჩვენმა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, გამოძიება გადაგვეცა მთავარი პროკურატურისთვის, სადაც დღეს მიმდინარეობს გამოძიება", _ განაცხადა კალამხელიძემ.
მინისტრის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველა დეტალი ცნობილი გახდეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გახდეს ცნობილი, რაც შეიძლება უფრო სწრაფად. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან", _ განცხადა კალმახელიძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატთან აქტიურად ითანამშრომლებს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველის ოფისთანაც და მივესალმებით დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობას", _ განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ: 39 წლის ზურაბ დელიანიძე გლდანის ციხეში გარდაიცვალა.